24 ივლისი 2026,   16:45
ვრცლად
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს დღეს, კლინიკაში წარუდგენენ

ამ დრომდე, ალადაშვილის კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ნიკოლოზ კაპანაძე, რომელიც დააკავეს ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, რა დროსაც ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა და სამი ადამიანი დაიჭრა. მას ბრალს დღეს, კლინიკაშივე წარუდგენენ.

ნიკოლოზ კაპანაძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი აყვანა ცხელ კვალზე მოახერხეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითების დაზიანება მიიღო.

შემთხვევა 22 ივლისს გვიან ღამით, შანიძის 31 ნომერთან მოხდა. აწ გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ავტომობილში იჯდა, როდესაც, თვითმხილველების თქმით, შელაპარაკება ხმაურისა და სიცილის გამო დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა, შემდეგ კი კაპანაძემ ცეცხლი გახსნა. ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღო სამმა ახალგაზრდამ. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს - ის ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძე პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა, ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძე "ლელოს" აქტივისტიც იყო.

"კურიერი" სიორიძესთან ამ ინფორმაციის გადამოწმებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა - ტექსტური შეტყობინებით, განმარტებებისთვის, მხოლოდ პირდაპირი ეთერი მოითხოვა.

დღის ამბები