საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.