ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "ინტერ რაო" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.
ენერგოკომპანიას საქართველოში რამდენიმე აქტივი აქვს. "ინტერ რაო ეესი" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელსაც ეკუთვნის "თელასის" და "თელმიკოს" აქციები. კომპანიის საკუთრებაშია "ხრამი 1-ისა" და "ხრამი 2-ის" ჰიდროელექტროსადგურები.
"ქართულ ოცნებაში" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს ანტისახელმწიფოებრივს და მოღალატეობრივს უწოდებენ. იხსენებენ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც ქვეყანას პრობლემებს დღემდე უქმნის.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ რუს ბიზნესმენებს სთხოვდნენ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წლის შემდგომ ენერგო სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა. სააკაშვილმა საჯაროდ მოიწვია რუსი ბიზნესმენები, რომ ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოში.
"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აქტიურად ლობირებდნენ რუსეთის ფედერაციის ბიზნესმენების ჩამოსვლას. ეხვეწებოდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ რუსეთიდან და ინვესტიციები ჩაედოთ ქვეყანაში - ომის შემდგომ. ტურისტებზე აღარ ვსაუბრობ.
ეს ხალხი დღეს ვის ესაუბრება, რომ რუსეთთან მიმართებაში არა მარტო ენერგოპრობლემები, არამედ სხვა პრობლემებიც შეიძლება რომ არსებობდეს.
რუსეთთან მიმართებაში დიდ სახელმწიფოებს აქვთ გამოწვევები და საქართველოს რომ ჰქონდეს გასაკვირია?! რომ არა სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რასაც "გვიწუნებენ" უცხოური ძალის წარმომადგენლები და აგენტები, საქართველოში იქნებოდა ის რეალობა, რაც არის უკრაინაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.