27 ივლისი 2026,   02:17
ვრცლად
გლობალური სავაჭრო, ფინანსური და სატრანსპორტო კვანძი - რა შედეგებით დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში

საერთო ინტერესების ახალი გზაჯვარედინი - სინგაპური, ინოვაციური და სტრატეგიული ქვეყნების ლიდერების გადაკვეთის წერტილი ხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ჩადის და პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ლიდერებს ხვდება. ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებაა.

ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი შუა დერეფნის მარშრუტში სულ უფრო იზრდება, სწორედ ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე აკეთებს აქცენტს ოფიციალური შეხვედრების დროს ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაური სინგაპურელ კოლეგას, საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ქვეყნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს აცნობს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის შემდეგ ჯერი ქვეყნის პრეზიდენტზეა. ორი ქვეყნის ლიდერები, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ. სინგაპურსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერების დიდი პოტენციალი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დასტურდება.

პირველი სახელმწიფო ვიზიტი, შეხვედრების პირველი დღე და პირველი ხელშესახები შედეგი - სინგაპური საქართველოს რეგიონულ ჰაბად აღიარებს. პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები და აეროპორტები - საქართველოს ხელისუფლება რეგიონული და ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას პრიორიტეტად აცხადებს, სწორედ ამიტომ, დელეგაცია შეხვედრებზე დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. შედეგიც ცნობილია - მსოფლიოს უმსხვილესი საჰაერო ჰაბი ვაზიანის ახალი აეროპორტით ინტერესდება.

ჩანგის აეროპორტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ანონსდება, რომ ჩანგის აეროპორტის ჯგუფი თბილისში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობას მიიღებს. განიხილეს კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის პორტი.

საქართველოს პოტენციალსა და შესაძლებლობებზე საუბარი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. პრემიერ-მინისტრი ფინტეკ კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს უსაფრთხო ინვესტირების გარემოდ განიხილავს, უმსხვილესი კომპანიების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებით უკვე იცის, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემო, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, პროგნოზირებადი საკანონმდებლო ჩარჩო და მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.

ლოგისტიკა, საზღვაო ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა, ქართული პროდუქციის ექსპორტი - ორი ქვეყნის პირველი პირები და მინისტრები შეხვედრებზე საკვანძო დარგებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე თანხმდებიან. ვიცე-პრემიერი სინგაპურელ კოლეგასთან საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს. საქართველოს პირველი დიპლომატი, რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრობს.

კალენდარზე მნიშვნელოვან თარიღად ინიშნება 2027 წელიც. მემორანდუმი გაფორმებულია - საქართველოსა და სინგაპურს შორის პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამა იწყება. მომავალი წლის იანვრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სინგაპურის მართვის უნივერსიტეტში ერთ სემესტრს გაივლიან. კურსის წარმატებით დასრულება კი, სტაჟირებისა და დასაქმების წინაპირობა იქნება.

საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მაქსიმალურად გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია სინგაპურში პირველ სახელმწიფო ვიზიტს ასრულებს. საერთო ინტერესის სფეროები გამოკვეთილია. ორი ქვეყანა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზად არის.

დღის ამბები