26 ივლისი 2026,   22:49
ვრცლად
აზროვნების ევოლუცია - როგორ ცვლის ციფრული ეპოქა ჩვენს მეხსიერებას და აზროვნების პროცესს

ტექნოლოგიები ახალ შესაძლებლობებს ქმნის და მომავლის პროფესიებსაც გვთავაზობს. მაგრამ, რაც უფრო აქტიურად შემოდის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში, მით უფრო ხშირად ჩნდება კითხვა - როგორ ცვლის ის არა მხოლოდ ჩვენს საქმიანობას, არამედ ჩვენს აზროვნებასაც?

რა ხდება მაშინ, როდესაც ტექნოლოგია მხოლოდ ინფორმაციის მიღებაში კი აღარ გვეხმარება, არამედ მის გააზრებასაც ნაწილობრივ საკუთარ თავზე იღებს? როგორ რეაგირებს ამ ცვლილებაზე ადამიანის ტვინი? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა მეცნიერებმა რამდენიმე მასშტაბური კვლევით სცადეს.

დღის განმავლობაში ასობით სიტყვას ვწერთ, ვკითხულობთ, ვაგზავნით, მაგრამ კალამს ერთხელაც არ ვიყენებთ.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ტექსტთან რადიკალურად შეიცვალა. ქაღალდი ეკრანმა ჩაანაცვლა, კალამი კლავიატურამ. ვკითხულობთ, ვწერთ და ინფორმაციას ციფრულ სივრცეში ვამუშავებთ.

დღეს მეცნიერებს აინტერესებთ - ხელოვნური ინტელექტისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, როგორ სწავლობს, იმახსოვრებს და ამუშავებს ინფორმაციას ჩვენი ტვინი?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასარკვევად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის ავტორებმა ტვინის ფუნქციონირება ხელით წერისა და კლავიატურაზე ბეჭდვის დროს შეადარეს. მათ, ჯამში ,36 სტუდენტის ტვინის აქტივობა შეისწავლეს. მონაწილეები ერთსა და იმავე სიტყვებს ჯერ ხელით წერდნენ, შემდეგ კი კლავიატურაზე ბეჭდავდნენ. ამ პროცესის მიმდინარეობისას მათ ტვინს 256-არხიანი ელექტროენცეფალოგრაფის საშუალებით აკვირდებოდნენ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელით წერის დროს ტვინის სხვადასხვა უბანი ერთმანეთთან გაცილებით აქტიურად ურთიერთქმედებდა, ვიდრე კლავიატურაზე ბეჭდვისას. უფრო ძლიერი აქტივობა შეამჩნიეს იმ ქსელებშიც, რომლებიც მოძრაობის კოორდინაციასთან, მხედველობით აღქმასა და ინფორმაციის დამახსოვრებასთან არის დაკავშირებული.

ტექნოლოგია ცვლის არა მხოლოდ იმას, როგორ ვკითხულობთ და როგორ ვწერთ, არამედ იმასაც, როგორ ვააანილეზებთ მიღებულ ინფორმაციას. თუმცა, მთავარი კითხვა დღეს უკვე წერა-კითხვას აღარ ეხება - ის ადამიანს ეხება.

თუ იცვლება ჩვენი ურთიერთობა ტექსტთან, იცვლება თუ არა მასთან ერთად ჩვენი აზროვნება?

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები