27 ივლისი 2026,   02:28
ვრცლად
თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

"ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში "იმედის კვირა".

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

"ბოლო ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია. ამ კუთხით დამატებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მასშტაბური განახლების პროექტის მნიშვნელობაზე ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.

"ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, სწორედ მოხმარდება ერთიან კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები