08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
14 მილიონ დოლარად შეფასებული ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდის ბრალდებით სავარაუდოდ ქართველი ბიზნესმენები დააკავეს

ცნობილი მხატვრის ვან დეიკის 14 მილიონ დოლარად შეფასებული ტილოს არალეგალურად გაყიდვის მცდელობისთვის თურქეთში 2 ბიზნესმენი დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულები ქართველები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. 

როგორც ცნობილია ვან დეიკის ტილო თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შევიდა. ევროპიდან მოპარული ტილო კი საქართველოში რუსეთის გავლით მოხვდა.

თურქული მედიის ცნობით ნახატის გაყიდვაზე ბიზნესმენები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, მოლაპარაკებებს უკანონოდ აწარმოებდნენ პოლიცია კი მათთან როგორც მყიდველი ისე მივიდა და დამნაშავეები დააკავა. 

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით თურქეთის არც ერთი ოფიციალური უწყება საელჩოს არ დაკავშირებია და მათთვის მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან ეჭვმიტანილი, ან დაკავებული პიროვნება, თურქეთის შესაბამისი ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან პროკურატურა, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი მომართავენ ხოლმე ან საელჩოს, ან სტამბოლში საკონსულოს, ან პოლიციის ატაშეს. მსგავსი ოფიციალური მომართვა, ან შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე არც ერთი ოფიციალური ორგანოებიდან არ ყოფილა,“ - აცხადებს ირაკლი კოპლატაძე.

 

დღის ამბები