11 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
"ვინც ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, იქნება არა საქართველოს, არამედ საქართველოში ომის მხარდამჭერი" - რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი წარადგენს. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, რეზოლუციის კენჭისყრამდე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ევროპარლამენტარები, ბორელთან ერთად, განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს.

კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის რეზოლუციის შეთავაზების პროექტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, 2022 წლიდან, ღირსების შემლახავად და სასტიკად ეპყრობიან. პარადოქსული და არასერიოზული - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეთავაზების პროექტში დაყენებული მოთხოვნებზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი განცხადებით, ვინც ამ რეზოლუციას მხარს დაუჭერს, არა საქართველოს, არამედ საქართველოში ომის დაწყების მხარდამჭერია.

"არ შეიძლება ევროპარლამენტის რეზოლუცია იქცეს დეზინფორმაციისა და სიცრუის ტირაჟირების წყაროდ. რასაც ჩვენ ამ ტექსტში ვკითხულობთ, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ ღირებულებების, რომელზეც ევროკავშირი დგას, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპის. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის მოწოდება, რომ საქართველოში დაიწყოს მეორე ფრონტი, მაშინ, როდესაც რუსეთთან პირდაპირ სანქციების დაწესებაზე არის საუბარი. ნებისმიერი, ვინც ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, ის იქნება არა საქართველოს, არამედ საქართველოში ომის მხარდამჭერი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები