"ეს ბანერებიც არის გაგრძელება იმ სიბინძურის, იმ ზიზღის, და, ზოგადად, იმ ლიბერალური ფაშიზმის, რითაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის დაკავებული," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია "ნაციონალური მოძრაობის" ახალ საარჩევნო ბანერებს.
კირცხალია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, ოპოზიციის ნეგატიური კამპანია ანგარიშებში შეიტანონ.
"ეს არის ბანერები, სადაც პირდაპირ გამოხატულია ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რისი განსახიერებაც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა." მინდა მოვუწოდო ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, რომ სასწრაფოდ შეიტანონ ამ სიძულვილის ენის გამოვლინება თავიანთ ანგარიშებში. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვთხოვ მათ, რომ ვისაც ეკუთვნის, ალბათ ადრესატი თვითონ მიხვდება, ნუ არიან დაკავებულები ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ, ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური ვითარება, წინასაარჩევნო ვითარება. ეს ბანერებიც არის გაგრძელება იმ სიბინძურის, იმ ზიზღის, და, ზოგადად, იმ ლიბერალური ფაშიზმის, რითაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არის დაკავებული," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნეგატიური კამპანია დაიწყო - პარტიამ ქალაქში ზიზღის შინაარსის შემცველი ბანერები გამოაკრა. "მოიშორე ოცნება", "მოიშორე ბიძინა" - ვკითხულობთ ბანერებზე.