01 სექტემბერი 2026,   23:32
ვრცლად
ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებს ურტყამს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ეს დარტყმები ირანის მიერ სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსების „წარუმატებელი მცდელობის“ საპასუხო მოქმედებაა, ასევე - ირანის მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმების პასუხია, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

„დარტყმები მასშტაბური და ძლიერია. ის წარმოადგენს პასუხს ირანელების მიერ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსების წარუმატებელ მცდელობაზე, რომელიც ამჟამად ნაღმებისგან თავისუფალია (ისინი მთლიანად გაწმენდილია ან აფეთქებულია!). ასევე, ირანელების მიერ იორდანიაში ჩვენს სამხედრო ბაზაზე რვა რაკეტის გაშვების პასუხია, რომლებიც წარმატებით ჩამოაგდეს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისივე განმარტებით, თუ ირანი ამ დარტყმების საპასუხო ზომებს მიიღებს, მათ კიდევ უფრო ძლიერი დარტყმებით უპასუხებენ.

„თუ ირანის დანგრეული სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ დარტყმებს უპასუხებს, მას კიდევ ერთი დარტყმა ელის, გაცილებით ძლიერი და მასშტაბური, მაგრამ ეს არ იქნება ყველაზე დიდი დარტყმა, რომელიც გველოდება. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ირანის ისლამური რესპუბლიკისგან თითქმის არაფერი დარჩება!“ - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, კვირას, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის რაკეტების გამშვებ ობიექტებს დაარტყა და განაცხადა, რომ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" საზღვაო ნაღმებით აღჭურვილ რაკეტებს ამზადებდა. ამის შემდეგ, ირანმა იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე მდებარე ამერიკულ ბაზებს დაარტყა.

 

დღის ამბები