01 სექტემბერი 2026,   22:23
ვრცლად
სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყო - საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ სამოსს 15 სექტემბერს მოირგებენ

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ორი კვირით ადრე იწყება. სკოლებში სხვა წლებისგან განსხვავებული სურათია. მოზარდებმა დღეს სასკოლო ფორმები პირველად მოირგეს. უკვე მოისინჯეს ახალი სამოსი, რომლითაც ისინი 15 სექტემბერს სკოლაში წავლენ.

საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დაიწყო. დღეიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სარეალიზაციო სივრცეებში მოზარდებს ტანსაცმლის მოზომვა და მისი შეძენა შეუძლიათ. ქვეყნის მასშტაბით, 11 რეგიონში 84 პუნქტი ფუნქციონირებს.

სარეალიზაციო სივრცეებში ფორმების ყიდვა დილის 11-დან საღამოს 7 საათამდეა შესაძლებელი. კომპლექტის ღირებულება 70 ლარია. ფორმაში თანხას არ გადაიხდიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები, ასევე უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლობენ. სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მშობლები ფიქრობენ, რომ ფორმების კულტურის დანერგვა სკოლაში სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.

15 სექტემბრიდან ფორმების ყიდვა ონლაინ პლატფორმაზე გაგრძელდება. Forms.emis.ge არის ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია მოდელების, ზომებისა და ფასების შესახებ.

სასკოლო ფორმებს პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მოირგებს. ცვლილებები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება და პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს. განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შემოღებას მაღალ კლასებშიც გეგმავს.

დღის ამბები