საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა.
"სწავლების ფარგლებში მონაწილე უწყებებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ გარემოში ემუშავათ სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე, პრაქტიკაში გამოეცადათ არსებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და გამოევლინათ კონკრეტული ხარვეზები ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესში.
საველე-პრაქტიკული სწავლების შედეგად, იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და ინიცირებული იქნება ახალი პროექტები და სწავლებები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, მცხეთაში ჩატარდება კიდევ ერთი სიმულაციური სწავლება, რომელიც მოიცავს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკულ მომზადებას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. DTRA მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებისა და მდგრადობის ამაღლების, მათ შორის - ქბრბ საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.