პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ნამახვანჰესი" ეროვნული ინტერესების ნაწილად მოიხსენია, რომლის მშენებლობაც, მისი თქმით, ქვეყნის გარედან მიღებული დაფინანსებით ე.წ. ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დახმარებით ჩაიშალა, ამ ქმედებით კი, საქართველოს უდიდესი ზიანი მიადგა.
"რისკი ძალიან რეალურია, რომ 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს საქართველოს. გავიხსენოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი - ვნახეთ, ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული "ენჯეოების" ერთობლივი მოქმედება, რომლებმაც ჩაშალეს ეს პროექტი. ეს იყო უცხოური დაფინანსების მქონე "ენჯეოების" და რადიკალური ოპოზიციის ერთობლივი კამპანია, რომელიც გარედან იყო დაფინანსებული, ამიტომაც იყო გამჭვირვალობა საჭირო.
სამართლიანი რომ იყოს ეს სამყარო, უნდა მივადგეთ აი ამ "სირცხვილიას" დამფინანსებელს, ევროკავშირი აფინანსებს სხვათა შორის, იმ "მწვანე ალტერნატივას" დამფინანსებლებს და კაპიკ-კაპიკ გადავახდევინოთ ეს 400 მილიონი, იმიტომ, რომ ჩაშალეს საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივით.
მაშინ, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია აი ამ პროპაგანდის ნიაღვრისთვის, რომელიც უცხოური მხარდაჭერით, დიდი ფულით, ხდებოდა, მათ შორის, პოლიტიკური მხარდაჭერითაც უცხოეთიდან, განცხადებების მხრივ.
დღეს სხვანაირი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს აღარავინ აღარ დაუშვებს. გარდა იმისა, რომ 400 მილიონი კომპენსაცია შეიძლება დაგვეკისროს, ენერგოუსაფრთხოების მხრივ მოგვადგა უდიდესი ზიანი.
რომელმა დონორმა მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ ეს ბოდვა დააჯერეს საზოგადოების ნაწილს და ჩაშალეს პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ნაწილი იყო. აღარ მივცემთ საშუალებას, რომ გარე ძალებმა გვიკარნახონ, რა არის ჩვენი ინტერესი და მათ შორის, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, კომპანია "ენკამ", რომელსაც ჰესი უნდა აეშენებინა, საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა და ორი წლის წინ პარიზის სასამართლომ საქართველოს 400-ს მილიონამდე დოლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ქვეყანა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს.