17 სექტემბერი 2026,   18:54
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს

"ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი,  მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - ინფრასტრუქტურაში, განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტ გენერაციასთან ერთად საჭიროა მეტი ინვესტიცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

"ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები. თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები - პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურ მუშაობას, რომლის უკანაც დგას ყოველდღიური რთული, პასუხისმგებლიანი და შეუმჩნეველი შრომა.დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ნიშნავს ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია განვითარება. ნიშნავს საქართველოს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული როლი.

ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ამ საქმეში თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გამოცდილება და თქვენი პასუხისმგებლობა შეუცვლელია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები