განათლების მინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს. ახალი აკადემიური სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგსა და კონფლიქტების კვლევას დაეთმობა.
"სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს სამშვიდობო განათლება, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში სამშვიდობო განათლების პოპულარიზაციაზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ახალგაზრდებთან და აკადემიურ პერსონალთან კავშირების დამყარებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთე სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც მსგავსი ცენტრი დაფუძნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ იდეას აქვს არა თუ პოპულარობა, არამედ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები სახელმწიფო უნივერსიტეტების მხრიდან", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.
მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"მსგავსი ცენტრების დაარსება ცალსახად შექმნის მნიშვნელოვან დამატებით შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, სამშვიდობო თემატიკაზე უფრო სიღრმისეული დისკუსიის, კვლევითი საქმიანობის ცოდნის გაღრმავების თუ ახალი იდეების გენერირების თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებით", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, განათლების მინისტრის მოადგილე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
"ევროპულ უნივერსიტეტებს ის სამშვიდობო სწავლების ფაკულტეტები და პროგრამებია და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ცენტრები შეგვექმნა, სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის ბავშვი, ნებისმიერი კურსის სტუდენტი გაერთიანდება, იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.