მოითხოვს თუ არა ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას, - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილი საუბრობს, კორძისა და სააკაშვილის მხრიდან გინების ფონზე, საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ე.წ "სექტის" ქცევაზე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე, რომელიც, მისი შეფასებით, ძალადობისა და გინების წახალისებას უწყობს ხელს.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ გარედან შემოტანილი, კამპანიაა. გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს", - წერს სპიკერი.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქვეყანაში განხორციელებულ კიბერშტევებსა და იმ ქსელზე საუბრობს, რომელშიც, პოლიტიკოსებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
"ჰიბრიდული ომია, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის გამოყენებული იყო მთელი რიგი იმ აგენტურისა, რომლებიც მოქმედებდნენ ამ მიმართულებით და მათ შორის არაერთი სახე, არა მხოლოდ პოლიტიკოსებიდან, არამედ ე.წ ხელოვანები და კულტურის წარმომადგენლები... რა შეიძლება სხვა შეფასება მივცეთ, როდესაც ვსაუბრობთ ამ ადამიანზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავებული სიძულვილის ენით, ადამიანი, რომელმაც მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა.
ასეთ ადამიანებზე აკეთებენ ფსონებს, ასეთ ადამიანებზე აკეთებენ აქცენტებს ის გარე დამფინანსებლები, რომელთა მიზანიც იყო საქართველოში სიტუაციის ესკალაცია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ ევროპელი ბიუროკრატები ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან დემოკრატიულ ღირებულებებზე, ევროპულ ღირებულებებზე, მეორეს მხრივ პირდაპირ არიან ჩართული აგრესიული და რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, მათ წახალისებაში და მხარდაჭერაში და ასეც ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამორალური და წარმოუდგენელი," - გიორგი გაბუნია.