ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.