"როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას.
როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას, სტანდარტული პროცედურაა, რომ ყველა ასეთი ზარი იწერება. ამის თაობაზე ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, სასწრაფოს ყველა თანამშრომლისთვის. ასეთი ზარები იწერება და, ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის თაობაზე ინფორმაციაც იყო.
ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები, ამას ყველა უნდა შეეგუოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა, სადაც საქმის გარემოებები დეტალურად განიხილეს.
"გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. ჩამოსულები იყვნენ, შევხვდი და საკითხის ირგვლივ დეტალები გავიარეთ. დოკუმენტირებულად, პრაქტიკულად ყველა გარემოების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე. მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს უნდა თუ არა და რა ფორმას ირჩევს აღნიშნულისგან თავის დასაცავად.
მე მგონია, რომ სრული შესაძლებლობა არსებობს, დეპერსონალიზებული სახით, ეს ინფორმაცია გავრცელდეს და საჯაროდაც ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის არჩევანი, რომელიც, სამწუხაროდ, თავად გააკეთა ბატონმა ჯუმბერმა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო აჟიოტაჟის ინტენსივობა, რეალურად არავითარი მიზეზი ასეთი აჟიოტაჟისთვის არ არსებობდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.