03 ოქტომბერი 2026,   13:12
ვრცლად
გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - შსს

გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს - დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას", - განაცხადა დავით კიკნაძემ.

დღის ამბები