პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. "კურიერის" ინფორმაციით, მსჯავრდებული არ თანხმდება სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე. ამავე დროს პატიმრის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს.
სასჯელაღასრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს. გუშინ მათ პენიტენციურ სამსახურთან აქციაც გამართეს. დავითაძის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრე ენჯეოები.
კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი.
"არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დადგმული მომენტები. სახელმწიფომ გამოაქვეყნა ის ვიდეო, რომელიც მას ამხელს ძალადობაში? აი ხომ არის ყოველგვარ საღ აზრს მიღმა.
რა თქმა უნდა, არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მცდარები და ისინი იყვნენ მატყუარები", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.