მუსიკოს მიშო სულუხიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
როგორც უწყებაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სულხანიშვილი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
მათივე ცნობით, სულუხიას წინააღმდეგ საქმე სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით აღიძრა.
"წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ცნობისთვის, მუსიკოსი მიშო სულუხია წერდა, რომ უცნობმა პირებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, ლისთან გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუსიკოსი წერდა, რომ ალყაში მოაქციეს, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს და არ მისცეს საშუალება ტელეფონზე შემავალი ზარისთვის ეპასუხა.
თუმცა, მან მოგვიანებით, სულუხიმ პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.