08 ოქტომბერი 2026,   16:03
ვრცლად
რა ნიშნავს Yellow Box - როგორ განტვირთავს გზებზე ყვითელი ხაზების ქსელი მოძრაობას

საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის მიზნით დედაქალაქში ყვითელი ხაზების ქსელის მოწყობა იგეგმება. სიახლის შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა, თუმცა საზოგადოების ნაწილში, Yellow Box-ის მნიშვნელობამ დამატებითი კითხვები გააჩინა.

როგორც მერიაში განმარტავენ, "Yellow Box" წარმოადგენს გზაჯვარედინზე დატანილ ყვითელი ხაზების ქსელს. მისი მთავარი პრინციპი მარტივია - მძღოლი არ უნდა შევიდეს მონიშნულ ზონაში, თუ წინასწარ ხედავს, რომ გზაჯვარედინის გასასვლელი თავისუფალი არ არის და მის დატოვებას შეუფერხებლად ვერ შეძლებს (ანუ თუ საცობია).

ამგვარად, გადატვირთული მოძრაობის დროსაც კი, გზაჯვარედინის სივრცე თავისუფალი რჩება სხვა მიმართულებით მოძრავი, ან მობრუნებული სატრანსპორტო ნაკადებისთვის.

ასეთი სქემით დახაზულ გზაჯვარედინებზე მძღოლებს ეკრძალებათ კვადრატში შესვლა, ხაზის გადაკვეთა, თუ გასასვლელი თავისუფალი არ არის, რაც მიუხედავად დატვირთული მოძრაობისა, გადამკვეთ ან მობრუნებულ ტრანსპორტს გადაადგილების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

კვადრატულად დახაზული მონიშვნებით შესაძლებელია გზაჯვარედინის საგზაო ნაწილის ოპტიმალურად გამოყენება, რაც განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას.

დღის ამბები