საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტრო სახდეპის დასკვნას საქართველოს შედეგებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია ადგილს პირველ კალათაში ინარჩუნებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში, არამედ სხვა ბევრ სფეროში ლიდერის პოზიცია უკავია და ეს ყოველთვის აისახება საერთაშორისო შეფასებებში.
"წლებია ჩვენ ასეთ ლიდერის პოზიციას ვიკავებთ ტრეფიკინგთან ბრძოლის და ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ამას დადებითად აღნიშნავს და არამხოლოდ ტრეფიკინგთან. თუ დააკვირდებით, ასეთივე ლიდერი მდგომარეობა გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და სხვა საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ამ საერთაშორისო სამართალდაცვითი სტრუქტურის და გაერთიანების ძალიან ღირსეული წევრები ვართ და ძალიან ღირსეული პარტნიორები ვართ და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამტკიცებთ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, მერე ადგება და რომელიმე ევროკომისარი სადმე უკან გადაგვაჩოჩებს მიუხედავად იმ ციფრებისა, მიუხედავად იმ გამოკვლევებისა, რომელიც ქვეყნდება, ეს არის, თორემ, ესე ცალკე რომ აიღოთ ნებისმიერ სფეროში, ტრეფიკინგთან ბრძოლის, ტერორიზმთან ბრძოლის, ეკონომიკური განვითარების, მართლმსამჯულების ეფექტურობის, მთავრობის ეფექტურობის, ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ცალ-ცალკე კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ ყველგან ლიდერები ვართ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.