ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მანამდე, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელე ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ნანა ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
"საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს "ბიტექსჩეინჯის" წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს "ბიტექსჩეინჯს", გაცნობებთ რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილსი წინააღმდეგ გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.