თეა ორჟონიას 7 წევრიან ოჯახს არჩევანი გაკეთებული აქვს. ისინი სახელმწიფოსგან ბინის ნაცვლად, კონკრეტულ თანხას მიიღებენ. ნებისმიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნება ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღოს. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა და უძრავი ქონების ნაცვლად თანხის გამოტანა მხოლოდ ოჯახის წევრების ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი.
ახალ პროგრამაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილთა ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაა. 2012 წლიდან, 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტით ბინა უკვე გადაეცა 45 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს. წელს "სოფლად სახლის" პროგრამით 2 000-მდე სახლი შეიძინეს, მშენებლობების დასრულების შემდეგ კი საცხოვრებელს კიდევ 2 600 ოჯახი მიიღებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე რომ განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება, პროცესის დასაჩქარებლად, მშენებლობების პარალელურად, ახალი, სრულიად ნებაყოფლობითი პროგრამის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვიდრე პროგრამის ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება, უკვე ცნობილია რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო 58 მილიონ ლარს დახარჯავს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც თანხის მიღებაზე უარს იტყვიან.
დევნილმა ოჯახებმა განაცხადები იუსტიციის სახლებში უნდა შეავსონ. დეტალურ ინფორმაციას კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტო მიაწვდის.
თბილისის პარალელურად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მასშტაბური პროექტები ამ ეტაპზე, საქართველოს 3 ქალაქში - ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ხორციელდება. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ, ახალი პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა კი უახლოეს პერიოდში მიეცემათ.