24 ოქტომბერი 2026,   19:47
ვრცლად
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, სპარსეთის ყურეში ნავთობის გადატანისას ოთხი გემი დააზიანეს

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო ძალების განცხადებით, სპარსეთის ყურეში ნავთობის გადატანისას ოთხი გემი დააზიანეს. ინფორმაციას ირანული გამოცემა tasnim-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გემებზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ისინი ერთი ბორტიდან მეორეზე ნავთობის გადატვირთვას ცდილობდნენ. დარტყმის შემდეგ გემებზე ცეცხლი გაჩნდა.

IRGC-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ ოთხს გემს, საზღაო კომპანიების გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილი საზღვაო მარშრუტები ადრეც ჰქონდა დარღვეული.

განცხადების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალები ოთხ გემს, რომლებიც დადგენილ წესებს არღვევდნენ უთვალთვალებდნენ. მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს, რომ გემები სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ნავთობის გადატანას ახორციელებდნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოთხივე გემს ერთდროულად დაარტყეს, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით ჰორმუზის სრუტის დასავლეთით კიდევ სამ გემს გაუჩნდა ცეცხლი - ისინი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდნენ. აღნიშნულია, რომ სამივე გემი გაჩერებულია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა საზღვაო ინციდენტების გახშირებაში აშშ დაადანაშაულა, რომელიც, მათი მტკიცებით, გემებს უკანონოდ გამოცხადებული და დანაღმული დერეფნის გავლით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები