საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგის მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ჩინეთიდან ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა უმაღლესს დონეზე განიხილონ.
"ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების აყვანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლესს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, შესაძლებლობები, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
ვიზიტს ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ბიზნეს-საზოგადოებასთან ერთად ვისაუბროთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარების შესაძლებლობებზე და ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია უმაღლესი დონის ვიზიტის საქართველოში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.