06 ნოემბერი 2026,   15:35
ვრცლად
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

 

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 „იმისათვის, რომ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ისტორიულმა შენობამ სრულად დააკმაყოფილოს თანამედროვე სტანდარტები, სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, პროცესი დროში გახანგრძლივდა. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას. ამ ტრადიციის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თეატრს საჭიროა ჰქონდეს განახლებული სივრცე, რაც აქტიურ შემოქმედებით პროცესებს და დასის წარმატებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ განახლებას, სცენისა და აკუსტიკური სისტემების მოდერნიზაციას.

მინისტრთან ერთად, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს მუსიკალურ და კულტურულ ცხოვრებაში. თეატრი 1969 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“, ხოლო 1990 წელს მას გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელი მიენიჭა. დაარსებიდან დღემდე თეატრი ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებას, ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მაყურებლისთვის მაღალი მხატვრული ღირებულების სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების შეთავაზებას ემსახურება.
თეატრის შემოქმედებით საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ეროვნულ და ევროპულ საოპერო მემკვიდრეობას, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამებსა და გალა-კონცერტებს. თეატრი მაყურებელს სთავაზობს როგორც ქართული კლასიკური მუსიკის ნიმუშებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი აგრძელებს ეროვნული მუსიკალური ტრადიციების დაცვასა და განვითარებას, ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობების შექმნას და საერთაშორისო კულტურულ სივრცეში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას.

დღის ამბები