აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუმრობდა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს გენერალურ დირექტორს, დანა ვაითს შესთავაზა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამით დასრულდა 24 საათზე მეტხანს გაგრძელებული ვარაუდები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს განცხადება სერიოზული.
"გეტყვით, რომ უბრალოდ ვხუმრობდი, თუმცა დანას ეს იდეა ძალიან მოეწონა. ასეთი დანა მხოლოდ ერთია, ის შესანიშნავი ბიჭია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, შაბათს ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დანა ვაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. ეს პოზიცია ვაკანტურია მას შემდეგ, რაც კეტი ზაქარიამ პოსტი გასულ თვეს, თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ხუთ დღეში დატოვა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიდებულ დანა ვაითს - მრისხანე მებრძოლსა და მეომარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ“, - დაწერა ტრამპმა.
თავის პოსტში ტრამპმა ვაითს შესთავაზა, რომ რამდენიმე UFC-ის მებრძოლი - კერძოდ, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეტჯი და ამანდა ნუნეში თავის ასისტენტებად მოეყვანა, რათა ისინი "შეშლილი მემარცხენეებისგან" თავდაცვაში დახმარებოდნენ.
"დანა ნამდვილად გამორჩეული პრესმდივანი იქნებოდა. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას!“ - დასძინა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ქეითი ზაქარიას უფლებამოსილების ვადა დასრულდა. მან თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში დატოვა. ზაქარიამ ამ პოსტზე კეროლაინ ლივიტი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა აგვისტოს ბოლოს დატოვა.