14 ნოემბერი 2026,   12:31
ვრცლად
თბილისის ვოკალისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსის, "OPERA CROWN-ის" ლაურეატები გამოვლინდნენ

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვოკალისტთა V საერთაშორისო კონკურსს - OPERA CROWN თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. მსოფლიოს 24 ქვეყნიდან კონკურსის მონაწილე 55 ახალგაზრდა შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ. ჟიურის თავმჯდომარე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე იყო.

I პრემიის მფლობელი ლიუკ ნორველი (აშშ) საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან ჭუმბურიძემ დააჯილდოვა. II ადგილი ერგო იუჯინ ლის (კორეა); III ადგილზე კი მატეო ტორკაზო (იტალია) გავიდა. საუკეთესო კონცერტმეისტერის სპეციალური ჯილდო გადაეცა გიორგი გრძელიძეს (საქართველო). თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალური პრიზის მფლობელები კი გახდნენ კატარინა ფარზადიანი (სომხეთი) და მოსე ლი (კორეა). გამარჯვებულებს პრიზი ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ გადასცა.

ფინალისტები მაყურებლის წინაშე წარდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს OPERA CROWN საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ოპერის მომღერლებს, რომლებიც პროფესიული კარიერის დასაწყისში იმყოფებიან. კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა.

დღის ამბები