16 ნოემბერი 2026,   20:31
ვრცლად
SpaceX-მა უკრაინულ მხარეს განუმარტა, რომ ინტერნეტის შეფერხება ტექნიკური ხასიათის პრობლემაა - PBS-ის კორესპონდენტი, ნიკ შიფრინი

ამერიკელი ჟურნალისტი, PBS-ის კორესპონდენტი, ნიკ შიფრინი უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინას კომპანია SpaceX-ში განუმარტეს, რომ შეფერხება ტექნიკური ხასიათის ხარვეზს უკავშირდება.

როგორც შიფრინი განმარტავს, ამის შესახებ მას აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დენის სიენიკმა განუცხადა.

"უკრაინამ SpaceX-თან გამართა საუბარი იმ სიჩქარის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებსაც უკრაინული ძალები საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე აწყდებიან. როგორც დენის სიენიკმა მითხრა, უკრაინულ მხარეს განუმარტეს, რომ ეს ტექნიკური ხასიათის პრობლემაა.

ამასთან, კიევს დამატებითი განმარტება არ მიუღია იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე ზედიზედ ხუთი დღეა", - წერს PBS-ის კორესპონდენტი, ნიკ შიფრინი.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები  Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში შეფერხებებს აწყდებიან. პირველად ხარვეზი ოქტომბერში დაფიქსირდა. 

დღის ამბები