20 ნოემბერი 2026,   13:32
ვრცლად
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ - მიხეილ სარჯველაძე

ინგოროყვას კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია და 11 წლის ბიჭი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედასთან ერთად გადაიყვანა. მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. კლინიკაში დაშავებული ბავშვები დღეს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს. მათ დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს, დაღუპულთა ოჯახებს კი მიუსამძიმრეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მათ ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ.

"მწუხარება მინდა გამოვხატო ამ უმძიმესს ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს, შემსწრე ვართ ამ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური, დამაკმაყოფილებელია... კვლავაც მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რამე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც ყურადღება შეიძლება დასჭირდეს. მხარდაჭერილია ყველა ის საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში, უტარდებათ უკლებლივ ყველა საჭირო პროცედურა. ასეთია ამ დროისთვის მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ბავშვებში არანაირი გართულება აღარ გამოვლინდება და ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები