ბულინგი და კრიტიკა მათ მიმართ, ვინც ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილი დანაშაული აღიარა და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა - შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება, მათ შორის, სოციალურ ქსელებში.
მმართველ გუნდში ადამიანებზე არსებულ წნეხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება.
"ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, საპროცესო შეთანხმებებით, შეწყალებით, როდესაც მათ მიმართეს პრეზიდენტს, კონკრეტულ ორგანოებს და მოინანიეს თავიანთი ბრალი. თუმცა, კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ასევე იაზრებენ თავიანთ დანაშაულს, მაგრამ ვერ დგამენ ამ ნაბიჯს იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული ბულინგის და წნეხის ქვეშ არიან თავიანთი ეგრეთ წოდებული თანამებრძოლების მხრიდან, იქ ჩვენ ვნახეთ შვილების კომენტარებიც, საკუთარ მამებთან მიმართებით, რომ არ უნდა ითანამშრომლონ, არ უნდა აღიარონ თავიანთი ბრალი და ეს არის ფაშისტური დამოკიდებულება.
რა თქმა უნდა, ამაში არც არაფერი არაკაცური, არც არაფერი არასწორია და არც არაფერი არაადამიანურია. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანურ ჩარჩოებშია, როდესაც ადამიანი რაღაც შეცდომას დაუშვებს, გადაცდომა ექნება, დანაშაულში ჩაიდენს და შემდეგ მოინანიებს ამ ყველაფერს, გადაიაზრებს და მზად არის, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება ამ კრიმინალური დანაშაულის გარეშე და როდესაც ამგვარი მეთოდებით და ამგვარი ეპითეტებით ცდილობენ, რომ ებრძოლონ მათ ამ გადაწყვეტილებას და დააბულინგონ ფაშისტური მეთოდებით, აი, ეს არის ყველაზე არაკაცური. ეს განცხადება არანაირ მორალში არ ჯდება, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება, საკუთარ შვილს აიძულებს მამა, რომ არ გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, არ მოინანიოს თავისი დანაშაული", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.