07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის - ევროპარლამენტში პროცესის წლის ბოლომდე დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა - ეს განცხადება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხეილ ბონიმ გააკეთა. თუმცა, მისი თქმით,  ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სანამ არ დასრულდება მოლაპარაკებები დროებითი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, მანამდე ვერ დაინიშნება კენჭისყრის თარიღი.

მათი თქმით, საქართველომ შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა არსებული ვითარებიდან და გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კენჭისყრის თარიღები.

„ყველა მოთხოვნა შესრულებულია, ხმა მივეცით ვიზელიბერალიზაციის სასარგებლოდ, თუმცა საბჭოს პოზიციით, ურთიერთკავშირშია ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი. ველოდებით შეჩერების მექანიზმზე მუშაობის დასრულებას. პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ვფიქრობ, რომ საბჭომაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც უნდა დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. ჩვენ პარლამენტარები ვცდილობთ პროცესი დავაჩქაროთ," - განაცხადა მიხეილ ბონიმ.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრმა პერტას აუსტრევიჩუსმაც. მისი თქმით, ბიუროკრატია საკითხის დასრულების პროცესს აფერხებს.

„შეხვედრები იმართება, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. მიღწეული არაფერია. დრო ახალ წლამდე გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ შეთანხმებას უმნიშვნელო დეტალებზე, რომელიც არ არის საინტერესო ხალხისთვის. ისინი მხოლოდ ელოდებიან, როდის შეძლებენ უვიზოდ გადაადგილებას ევროპაში. პირადად მე ვცდილობ ამ თემამ წინ წაიწიოს, მაგრამ ბიუროკრატია და ინსტიტუციებს შორის თამაში, პროცესს აფერხებს,“ - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ავტორები: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები