01 ოქტომბერი 2024,   11:10
ვრცლად
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე - სასამართლოში დაცვის მოწმეები დაიკითხნენ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასმართლოში დღეს დაცვის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. ჩვენება დათა ახალაიას მძღოლმა მისცა. მისი განცხადებით, სროლის დროს ახალაია ადგილზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მივიდა.

ადვოკატების მტკიცებით, მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ დათა ახალაიასთვის წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, უსაფუძვლოა.

„მან დაადასტურა, რომ, როდესაც ისინი მივიდნენ ნავთლუღის ტერიტორიაზე, იქ სპეცოპერაცია ფაქტობრივად დასრულებული იყო. არანაირ სროლებს ადგილი არ ქონია და მით უმეტეს, დათა ახალაიას არავის მიმართ გასროლა  არ განუხორციელებია და ეს არის სრული აბსურდი,“ - განაცხადა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა.

პროკურატურა კი დაცვის მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს. ბრალდების განმარტებით, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოზე აქამდე მიცემულ, მათ შორის გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას, ჩვენებებთან.

„სატელეფონო ანძებით დადასტურებულია, რომ დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი მაზმიშვილი და ბევრი სხვა მათი თანამშრომელი, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს, ნამდვილად იმყოფებოდა ნავთლუღის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

დღის ამბები