01 ოქტომბერი 2024,   11:12
ვრცლად
გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის საგანგებო რეჟიმები მოქმედებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, რომლის თანახმად, ერთადერთი მონაკვეთი, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, გუდაური-კობის მონაკვეთია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. რაც შეეხება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტს მათთვის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები