01 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
გაძვირებული ტარიფები - რუსთაველი სტუდენტები ქალაქის მერიის ბლოკირებისთვის ემზადებიან

სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის მერიის წინ საკრებულოს წევრის სტუდენტებთან გამოჩენას მოყვა. რუსთაველი სტუდენტები მათთვის სპეციალური ტარიფის შემოღებას ითხოვენ, საპროტესტო აქციები რუსთავში მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ფასი 20 თეთრით გაძვირდა, სტუდენტები კი შეღავათიანი ტარიფის - 75 თეთრის დაწესებას მოითხოვენ.

მოგვიანებით სტუდენტებმა ქუჩიდან მერიის შენობაში გადაინაცვლეს. რუსთაველი ახალგაზრდების ნაწილი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი რუსთავის მერიის და საკრებულოს შენობის ბლოკირებას არ გამორიცხავენ.

არ არის გამორიცხული ახალგაზრდების პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდეს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ამ ეტაპზე სტუდენტური ტარიფის შემოღება გათვალისწინებული არ არის, ბიუჯეტიდან მხოლოდ 66 სოციალურად დაუცველი სტუდენტის მგზავრობის ხარჯი ფინანსდება, რუსთავში კი 4 ათასზე მეტი სტუდენტი ცხოვრობს.

რუსთაველი სტუდენტები მერიის წინ ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები მხარდაჭერისკენ მოსახლეობასაც მოუწოდებენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები