01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
მკვეთრად მომატებული ვირუსული დაავადებები და სკოლებში მოსწავლეთა განახევრებული დასწრება

ეპიდემია არ არის, თუმცა ვირუსული დაავადების რაოდენობა მკვეთრად მომატებულია. სკოლებში მოსწავლეთა დასწრება გავრცელებული გრიპების გამო განახევრებულია.

პედაგოგების ნაწილის ინფორმაციით, გაცდენების შემდეგ ბავშვებს გამოცდის ჩაბარება უწევთ, რის გამოც დაავადების შემთხვევაშიც კი, მათი ნაწილი სკოლაში მაინც დადის. ეს კი ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო ხელს უწყობს.

განათლების სამინისტროში კი არ ადასტურებენ, რომ მოსწავლეების გაცდენები მხოლოდ გრიპის ვირუსს უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, ეს რიცხვი მხოლოდ 20 პროცენტამდე და დაწყებით კლასებშია.

სკოლებში ვირუსის გამო მოსწავლეების გამოუცხადებლობის პარალელურად თითქმის გაორმაგებულია მიმართვა პედიატრიულ კლინიკებში. სიმპტომი A ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი, ტემპერატურის მატება, ხველება და ყელის ტკივილია.

გასული კვირიდან რესპირატორული დაავადების რიცხვის მკვეთრ მატებას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში ახლა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდია, თუმცა ამ დროისთვის ეპიდემიური საშიშროება არ არის.

 

ავტორები: ანა წერეთელი 

დღის ამბები