01 ოქტომბერი 2024,   11:16
ვრცლად
გაუარესებული ამინდი საქართველოში - სინოპტიკოსები ყინვას რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა. მეტეოროლოგების განმარტებით, ყინვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა, გართულებებია დედაქალაქშიც.

თბილისში გზებზე მარილის დაყრა ლიპყინულის გამო საჭირო რამდენიმე ადგილას გახდა.

სინოპტიკოსთან განცხადებით, ყინვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.  მაღალმთიან რეგიონებში ყინვა 18 გრადუსსაც კი მიაღწევს.

ინტენსიური თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ 50 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ 1-კმ 106 მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

რაც შეეხება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და  ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

დღის ამბები