01 ოქტომბერი 2024,   11:10
ვრცლად
ასობით ტრაილერის მძღოლი გზის გახსნის მოლოდინში - დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა საქართველოს რეგიონებში

მე-10 დღე გზის გახსნის მოლოდინში და ერთი გარდაცვლილი მძღოლი - სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა დუშეთის რაიონშია გაჩერებული და მათ რუსეთის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ტრაილერის მძღოლი იყო, სოფელ ნადიბანთან დგომისას გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მძღოლები ამბობენ, რომ გზები არ იწმინდება. პრობლემები ყინვისა და თოვლის გამო ჯვრის უღელტეხილზეა შექმნილი.

გზაზე ჩარჩენილი მძღოლები ამბობენ, რომ უთავდებათ საკვებისა და საწვავის მარაგი, არ აქვთ საკმარისი ფული და რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ყოფნა. მძღოლები უყურადღებობასაც უჩივიან და ამბობენ, რომ ვერავისგან იღებენ ინფორმაციას, როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას.

ტრაილერების გადაადგილების შეზღუდვას გზების დეპარტამენტში ამინდის რთული პირობებით ხსნიან. მათი განმარტებით, სოფელი ნადიბანი სამხედრო გზასთან მდებარეობს, სადაც მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია, გაწმენდის სამუშაოები კი ქარბუქის გამო ფერხდება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტრაილერები დასახლებულ ადგილთან ახლოს არის გაჩერებული და მძღოლებს შეუძლიათ ახლოს მდებარე სასტუმროებითა და მაღაზიებით ისარგებლონ. გამგებლის მოადგილის თქმით, გამგეობა გზაზე გაჭედილ მძღოლებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. აჭარის მაღალმთიანეთში სწავლის პროცესიც შეწყვიტეს. სოფლებში ჩაკეტილია შიდა გზები. თოვა ამ დრომდე გრძელდება და ზოგ ადგილას სპეციალური ტექნიკის შეყვანაც კი ფერხდება.

უამინდობამ რიკოთზეც შექმნა პრობლემები, სადაც ტრაილერები არიან გაჩერებული და ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ასევე, უამინდობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ელექტროენერგიის მიწოდებას და შედეგად, ათობით სკოლა მთელ საქართველოში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და იქ სწავლის პროცესი შეწყვეტილია.

„რაც შეეხება აჭარის რეგიონს, პროგნოზირება ძნელია. ჩვენ სკოლებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კვლავ გრძელდება თოვა, ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ხვალ იქნება თუ არა სასწავლო პროცესის განახლების საშუალება, ჯერჯერობით ნაადრევია,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები