01 ოქტომბერი 2024,   11:14
ვრცლად
წელიწადნახევრიანი ბლოკადა - "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობას საფრთხეს ფინანსური პრობლემები უქმნის

რუსთავი 2 ყადაღის მოხსნას ითხოვს - არხის მაუწყებლობას, შეჩერების საფრთხეს ის ფინანსური პრობლემები უქმნის, რომელიც ყადაღის პირობებში მუშაობამ გამოიწვია. უკვე წელიწადნახევარია ტელეკომპანია სესხისა თუ ოვერდრაფტის აღების საშულებას მოკლებულია.

არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავს პირობებში ტელეკომპანია საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრებას უკვე ვეღარ შეძლებს.

ნიკა გვარამიამ დღეს ხელისუფლებას, სასამართლოსა და შემოსავლების სამსახურს მიმართა. არხის გენერალური დირექტორი ყადაღის მოხსნას მოითხოვს. ტელეკომპანიის მიერ მსგავსი შუამდგომლობა სასამართლოშია შესული და ამ დრომდე უპასუხოა.

ახლა გადაწყვეტილება უკვე შემოსავლების სამსახურზეა, რომელსაც შეუძლია ინკასო დაადოს რუსთავი 2-ის ანგარიშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდ დარჩება და შესაბამისად, ეთერიც გაჩერდება, ან ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ, რომელიც ისედაც უკანონოდ ადევს რუსთავი 2-ის ქონებას.

შემოსავლების სამსახურში დღეს მხოლოდ ის განმარტეს, რომ გადაწყვეტილებას კანონის ნორმების მიხედვით მიიღებენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის მოწოდებას ამჯერადაც ზეწოლა უწოდა.

მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ არხს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეფერხება არ უნდა შეექმნას, ნაწილი კი ტელეკომპანიის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების დაგვიანებას დანაშაულად განიხილავს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე შეტევას ამჯერად ფინანსური რესურსის შეზღუდვით ახორციელებს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს კანონი ინკასოზე უარის თქმის საშუალებას აძლევს. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი, ანა წერეთელი 

დღის ამბები