
This is a modal window.
მოძრაობა ეს შენ გეხება დღეს საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ ელექტრონულ სარჩელს გააცნობს. სარჩელზე ხელისმოწერა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მოძრაობის წევრები საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს მოუწოდებს, ჩაერთონ კამპანიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სარჩელის ელექტრონული ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
საბოლოოდ კი, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ყველა ხელმომწერის სახელით შევა.
„გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს პრეზიდენტს, ნებისმიერ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას, შემოგვიერთდით, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი პირადი ცხოვრების დაცვის კარგი საშუალება,“- განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ბურჯანაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, თუკი პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, ლოგიკურია, რომ მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.