03 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
მოსამართლე წოწორიას ძმა: ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია აცხადებს, რომ მის სახლში განხორციელებული ჩხრეკა და შს სა​მინისტროს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მისი დის საქმიანობას უკავშირდება. ეს განცხადება ოთარ წოწორიამ ბათუმში, მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ჩემი დის საწინააღმდეგოდაა გაკეთებული ყველაფერი. სანადირო თოფი ჩემია, რეგისტრირებულია. ერთი იარაღი ბაბუაჩემის იყო და ისიც რეგისტრირებულია. დანარჩენი წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან გაჩნდა სახლში," - განუცხადა ჟურნალისტებს წოწორიამ. 

შს სამინისტროს თანამშრომლებმა წოწორიას საცხოვრებელი სახლი უკვე დატოვეს, თუმცა რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავად ოთარ წოწორია არ დაუკითხვათ. 

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკის მოტივით სამართალდამცველები ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში 18 მაისის საღამოს შევიდნენ. ოჯახის ახლობლების და პოლიტიკოსების ვარაუდით, ჩხრეკა ნონა წოწორიას ევროსასამართლოში საქმიანობას უკავშირდება. 

შსს-ს ინფორმაციით, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლიდან ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ვაზნები. უწყების ინფორმაციით, დაინიშნება ექსპერტიზა. 

გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები