ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში ამ წუთებში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტს კურიერის პირდაპირ ეთერში ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ოთარ კახიძე.
მისი თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ან მცდელობას, რომ ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნონო წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში. როდესაც ვიცით, რომ ხელისუფლება ამგვარ ფაქტებშია შემჩნეული, მხედველობაში მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის რაღაც ამანათების გაგზავნა, აღარაფერს ვამბობ ურთმელიძის დედის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაზე, ნაზღაიძის ძმის ირგვლივ კორუფციული გარიგებები ანუ ხელისუფლება, რომ ცდილობს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ყველანაირ მეთოდებზე წავიდეს, ეს რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს, რომ ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ან მცდელობას რომ ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე,“ - განაცხადა კახიძემ.