26 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
ნადირობა ვაკის მიწებზე, ოთარ ფარცხალაძე და ეგვიპტელი ინვესტორი

ეგვიპტელი ინვესტორი ვაკეში კუთვნილ 15 ათას კვადრატულ მეტრ მიწას ვერ იბრუნებს. ის ეჭვობს, რომ კომპანიას, რომელმაც თაღლითური გზით დაუფლებული ტერიტორია იყიდა, მთავრობის მაღალჩინოსნები მფარველობენ. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბიზნესმენ სამეჰ რეფაატ ავად ჰაბიბის კუთვნილი მიწა ვაკეში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოქალაქეებმა ნინო ურუშაძემ, მისმა მეუღლემ ირაკლი ყურაშვილმა და თაღლითური ჯგუფის მეთაურმა ზოია ჩხაიძემ გადაიფორმეს, შემდეგ ეს მიწა სამ მილიონ დოლარად გადაყიდეს, სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ორი ციხეში 9 წლით გაუშვა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ, თუმცა ეგვიპტელ ინვესტორს მიწა არ დაუბრუნეს. 

ეგვიპტელი ინვესტორის კუთვნილი მრავალმილიონიანი ქონების წართმევა იუსტიციის სახლიდან დაიწყო. აქ თაღლითური ჯგუფის წევრებმა წარადგინეს, ვითომ რუსეთში გაცემული, რეალურად თბილისში დაბეჭდილი ყალბი მინდობილობა რომ, სამეჰ ჰაბიბმა მათ მზიურის მიწის განკარგვის უფლება მისცა. მინდობილობა რომ ყალბი იყო პირველივე აბზაციდან იკითხება, არ წერია ორიდან ერთი მიწის მესაკუთრის მისამართი, რეალური პირადი ნომერი და საერთოდაც დოკუმენტი არ არის აპოსტილით დამოწმებული, ამის მიუხედავად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა მიწა თაღლითების ჯგუფზე გადააფორმა.

რატომ არ გადაამოწმეს დოკუმენტების ნამდვილობა ამ კითხვით საჯარო რეესტრს მივმართეთ. ინტერვიუზე უარის გვითხრეს, წერილობით განმარტებაში კი მოგვწერეს, რომ რეესტრი კანონით არ არის ვალდებული წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა შეისწავლოს. ეგვიპტელი ინვესტორის ადვოკატი ყვება, რომ მიწის ინტერესი სავარაუდოდ გავლენიან პირებს ჰქონდა, რის გამოც რეესტრმა არა მარტო ყალბ დოკუმენტებზე დახუჭა თვალი, არამედ სამართალდამცავი უწყებებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლები დამნაშავე მიეცათ პასუხისგებაში.

ვინ არიან ამერი დეველოპმენტის მფლობელები - საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ხუთი მფლობელი ჰყავს, აქედან ორი, გიორგი გველესიანი და თემურ უსტიაშვილი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან. გველესიანი და უსტიაშვილი ასევე ფლობენ წილებს კომპანია ჯი თი ჯგუფში, რომელიც მთავრობისაგან მილიონობით ლარის დაკვეთას იღებს.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემთა ბაზებიდან ირკვევა, რომ 2012 წლიდან დღემდე გველესიანის უსტიაშვილის კომპანიამ 108 ტენდერი მოიგო, ხოლო სახელმწიფომ მათთან პირდაპირი წესით 350 ხელშეკრულებაზე მეტი გააფორმა. ამერი დეველოპმენტს ამ საეჭვო დამთხვევის შესახებ ვკითხეთ. 


არის კიდევ ერთი დეტალი - 2015 წლიდან პარლამენტში წასვლამდე ამერი დეველოპმენტის ინტერესებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იცავდა. 

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი გვიყვება, რომ საქმე იმდენად სკანდალურია, რომ წერილები მთელს მთავრობას გაუგზავნა და რეაგირება მოითხოვა, თუმცა პასუხი არავინ გასცა, რაც დამატებით საეჭვო გარემოებაა.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

დღის ამბები