01 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წევრები ბოლო დროის გახმაურებულ ფაქტებზე საუბრობენ, რომლებზეც მათი თქმით საზოგადოებამ შსს-სგან პასუხი ვერ მიიღო. 

ოპოზია შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობასთან ერთად პრემიერმინისტრის და მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი შს მინისტრის გადაყენებას უკვე მიზანშეუწონლად მიიჩნევს და ამჯერად პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„შს მინისტრი პრემიერ-მინისტრს უნდა გადაეყენებინა მეორე დღეს, როდესაც მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადადგომა, მაგრამ ეს არის უკვე დაგვიანებული. მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე დგას პასუხისმგებლობის საკითხი თვითონ პრემიერის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე, აცხადებს, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებული კრიზისული სიტუაციის გამო არა მხოლოდ მინისტრი, არამედ შსს-ს მთელი ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალონ.

„თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია, აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან, მისი შეფასებით, ქვეყანა სისტემური პრობლემის წინაშე დგას .

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად მოხდება შს მინისტრის შეცვლა. მან ასევე აღნიშნა, რომ მინისტრის ცვლილება რეალურად ვერაფერს შეცვლის, რადგან ის კვლავ ოლიგარქის მიერ იქნება დანიშნული. 

დღის ამბები