კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შექმნან უფრო დიდი და ძლიერი ევროკავშირი, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
"20 წლის წინ ევროპულმა ოჯახმა მიიღო ახალი წევრები, რაც იყო თამამი ნაბიჯი, რომელმაც უფრო მეტად გააერთიანა ევროპა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დაყოფის ათწლეულების შემდეგ. ეს იყო ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი ტალღა. ეს იყო კონტინენტის გაერთიანება, რომელიც მიისწრაფვის ყველა ადამიანის თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. კონტინენტის გაერთიანების ჩვენი სამუშაო ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ ეს ვიცოდით 2022 წლამდე და უფრო კარგად ვიცით დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად. ბოლო წლებში მილიონობით ევროპელმა აჩვენა თავისი სურვილი და იმედი, შეუერთდეს ევროპულ პროექტს", – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ბორელის თქმით, კანდიდატ ქვეყნებს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, რომ თავიანთი მომავალი ევროკავშირს მჭიდროდ დაუკავშირონ.
"დასავლეთ ბალკანეთს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, თავიანთი მომავალი მჭიდროდ დაუკავშირონ ევროკავშირს. ევროკავშირის გაფართოება არის ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას, სამართლიანობას და დემოკრატიას და ამავე დროს ევროპელების ცხოვრების დონის აუმჯობესებს. ევროკავშირი და კანდიდატები თანამშრომლობენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რომ ერთად და უკეთ შევძლოთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება. მომავალ წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. ევროკავშირი ასევე მუშაობს საკუთარი თავის რეფორმირებაზე, დღეს ემზადება ხვალინდელი კავშირისთვის. ჩვენ მივისწრაფვით არა მხოლოდ უფრო დიდი ევროკავშირისკენ, არამედ ასევე უფრო ძლიერისკენ, რომელსაც ძალუძს მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა და გავრცელება. კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შექმნან უფრო დიდი, უფრო ღრმა და უფრო უსაფრთხო ევროკავშირი", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.