16 ივნისი 2024,   04:20
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს. ოფიციალურ მიზეზად, არხზე გამოცხადებული რეორგანიზაცია სახელდება. არხის ხელმძღვანელობა გათავისუფლებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს.

„თანამშრომლების რაღაც გარკვეული კატეგორია ალბათ გათავისუფლდება იმიტომ, რომ 17 ივლისს იხურება ყველა გადაცემა პირველ არხზეც და მეორე არხზეც, მაგრამ კონკრეტულად რამდენი ადამიანი იქნება, მაგას მე ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს, მაგრამ ის, რომ რეორგანიზაციაა აუცილებელი და ორგანიზაციის განვითარება არის აუცილებელი, მე მგონი ამაზე უარს არავინ არ ამბობს და ამას ყველა ადასტურებს,“ - აცხადებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე.

დათხოვილთა შორის არის გადაცემა "ვექტორის" ავტორი და წამყვანიც. ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე თვიანი კონტრაქტის გაფორმებაზე, რასაც ჟურნალისტი შეურაცხყოფად თვლიდა, უარი განაცხადა. ტაბლიაშვილი არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური გადაცემების ბადიდან ამოღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

„ეს იყო დასაქმება რეალურად და არა უფრო მაღალი რანგის შემოთავაზება. არ ვიცი რამდენ ადამიანს დაეგზავნა სხვას, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მინიმუმ რამდენიმე ათეულს. ამ პერიოდში გადაცემების გაჩერება, მათ შორის პოლიტიკური გადაცემების, მგონია, რომ არის პრინციპული შეცდომა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღევანდელი ხელმძღვანელობის,“-განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

დღის ამბები