25 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა - პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს ელჩებს

გერმანიაში შეკრებილ საქართველოს ელჩებს პრეზიდენტი თბილისიდან მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მიმართვაში არ წერია:

"საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით.

მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა.

ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული.

მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა,"- აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.

 

დღის ამბები