16 ნოემბერი 2024,   14:08
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და მოწოდება დიპლომატებს - მმართველი პარტია პრეზიდენტს საბოტაჟში ადანაშაულებს

მმართველი პარტია პრეზიდენტს საბოტაჟში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს ახლა საგარეო მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, სალომე ზურაბიშვილი თავადაც უნდა აანალიზებდეს, რომ ქვეყნის ელჩებისადმი მისი მიმართვა საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.

ქართველ დიპლომატებს სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მიმართა. ვიდეო მიმართვაში ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის აღების საჭიროებაზე საუბრობს. განსაკუთრებით კი იმ ელჩების რეაგირებას ელოდება, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მუშაობენ.

ის, რაც მკაფიოდ პრეზიდენტმა არ თქვა, ოპოზიციამ გაახმოვანა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ გზავნილი მარტივია და საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა ელჩებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ზურაბიშვილის მიმართვას დიპლომატებზე გავლენა არ ექნება. მათი თქმით, პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციას დიდი ხანია გასცდა, თუმცა მისი ბოლო განცხადება-უფლებამოსილების გადაჭარბებაცაა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვას დაემთხვა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის განცხადება. ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 18 წლიანი კარიერის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პასპორტი ჩააბარა.

კოპლატაძის განცხადებას დიპლომატიური უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, რომ სლოვენიის რესპუბლიკაში კოპლატაძემ მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია დიპლომატიურ რეზერვში იმყოფება. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები